საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის დავით დარახველიძისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შორის, რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ზუგდიდში, საცხოვრებელი კორპუსების აშენება გადაწყდა. მშენებლობას გერმანიის მთავრობა დააფინანსებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დევნილებისთვის ზუგდიდში 8 კორპუსი უნდა აშენდეს.
რადიო „ათინათი“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამეგრელო–ზემო სვანეთში ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელს ლევან მიქავას დაუკავშირდა. მიქავას განცხადებით მშენებლობა თბილსის ქუჩაზე დაიწყება და საცხოვრებელი ფართით, ყველა ის დევნილი დაკმაყოფილდება, რომელიც სახელმწიფოსგან ფართის გამოყოფას ელოდება. ლევან მიქავა ასევე დასძენს, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების ზუსტი დრო ჯერ–ჯერობით უცნობია.
რადიო „ათინათს“ ორგანიზაციის „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ნონა უბილავამ განუცხადა, რომ იგეგმება 380 საცხოვრებელი ბინის მშენებლობა მაშინ, როდესაც საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი დევნილების რაოდენობა 20 000 შეადგენს. მისივე განცხადებით იგი დევნილებს შეხვდა და ყველა მათგანი თბილისის ქუჩაზე მშენებლობის დაწყებას ელოდება.
„ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. მათ დრო გაჰყავთ და ამ დროის განმავლობაში რომ არ იყოს ზედმეტი ხმაური ამიტომ აცხადებენ, თითქოს ყველა დევნილი დაკმაყოფილდება. ფიზიკურად შეუძლებელია 20 000 დევნილზე 380 ბინის გადანაწილება“–აცხადებს ნონა უბილავა.
მასალის გამოყენების პირობები