სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, საზოგადოება „წალენჯიხელის“ განცხადება გავრცელდა, რომელზედაც ხელს ორგანიზაციის გამგეობის შვიდი წევრი აწერს. განცხადებაში ნათქვამია რომ –„საზოგადოება „წალენჯიხელის“ უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის შეკრებაზე ბ/ნ კახა მიქაიას საქციელმა, მან უდიერად მოიხსენია წალენჯიხელები. ამასთან ცილი დასწამა „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ერთ–ერთ აქტიურ წევრს პაატა სორდიას. ჩვენ არ ვაპირებთ პაატა სორდიას დაცვას, ის ამას ჩვენს გარეშეც მოახერხბს, მაგრამ გვაინტერესებს რა უფლებით და ვისი მანდატით აძლევს თავს უფლებას მეზობელი რაიონის მკვიდრი კახა მიქაია წალენჯიხელებს შეურაცხყოფა მიაყენოს და მუშტი უტრიალოს იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრება რისკის ფასად იცავდნენ წალენჯიხის ღირსებას. „ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციაში საკმაოდ არიან გამოცდილი მაღალი ინტელექტების მქონე ადამინები, რომლებიც თვითონ გადაწყვეტენ, ვინ უნდა იყოს „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ყრილობის დელეგატები“.– ნათქვამია განცხადებაში.
რადიო „ათინათთან“ საუბარში წალენჯიხის „ქართული ოცნების“ წევრი პაატა სორდია აცხადებს, რომ პარტიის რაიონული ყრილობის დღეს „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელმა, კახა მიქაიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მას როლან ახალაიას აგენტი უწოდა. – „ თუ კახა მიქაია საჯაროდ, მასმედიის საშუალებით ბოდიშს არ მომიხდის, პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოში ვუჩივლებ“. აცხადებს პაატა სორდია
რადიო „ათინათი“ ასევე დაუკავშირდა ორგანიზაცია „წალენჯიხელის“ გამგეობის წევრს გონერ სალიას. სალიას თქმით, განცხადებაში ნათქვამია ყველაფერი ის რაც სათქმელი ჰქონდათ. – „წალენჯიხელებს არ სჭირდებათ ჭკუის სწვალება და კახა მიქაიას მხრიდან ეს საქციელი არ იყო სწორი“. განაცხადა გონერ სალიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „ათინათი“ დაიცავი საქართველოს წარმომადგენელს კახა მიქაიას დაუკავშირდა. მისი თქმით, ის პაატა სორდიას განცხადებაზე კომენტარს არ გააკეთებს, ხოლო რაც შეეხება, ორგანიზაცია „წალენჯიხელი“–ს შესახებ მიქაია, ინფორმაციას არ ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები