შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი, გუნავას საქმეში მონაწილე პოლიციელების დაკავებას მოითხოვს.
"მართალია, გამოძიებამ ვერ დაადასტურა, რომ გუნავას ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს, მაგრამ არც ის დასტურდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავად ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკი. ამას ბევრი გარემოება ცხადყოფს, მათ შორის ის, რომ გუნავას შარვალზე მეტალიზაციის კვალი არ აღმოჩნდა, რაც, მას რომ იარაღი ჰქონოდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება პოლიციელებს - გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებაშიც ნათქვამია, რომ მათ განზრახ შეიყვანეს ოქმში არასწორი მონაცემები და გააყალბეს. ამასთან, წერია, რომ გუნავას ნიღაბი ჩამოაცვეს. რა თქმა უნდა, მათ დაკავებას მოვითხოვთ. ადამიანებს იჭერენ ჩვენების შეცვლისთვის და პოლიციელი რომ განზრახ დოკუმენტს გააყალბებს, ეს დანაშუალი არ არის? უფლებამოსილების გადამეტება სხვა რა არის?", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება.
გუნავას აყვანისას დაშვებული გადაცდომების გამო, შს მინისტრის ბრძანებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 5 თანამშრომელი სამსახურიდან 21 დეკემბერს გათავისუფლდა.
აღნიშნულ საკითხზე რადიო "ათინათთან" კომენტარი სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ გააკეთა. " ვიბრძოლებ სამართლებრივად და გამოჩნდება, რა და როგორ მოხდა. დღეს ისინი ბევრ რაღაცას ადასტურებენ,ამბობენ იმას რომ ნარკოტიკისა და იარაღის ჩადებას ვერ ამტკიცებენ. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ დამტკიცების შემთხვევაში მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. მე კი მათი სკამების შენარჩუნების გამო არ ვაპირებ ნარკომანის სახელი ავიკიდო და ვიბრძოლებ ყველანაირი სამართლებრივი ფორმით. მათ ამ პოლიციელების დასაკავებლად საკმარისზე მეტი მტკიცებულება აქვთ,"-აღნიშნავს გუნავა
მასალის გამოყენების პირობები