სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე და დევნილების მიერ ამავე დაწესებულებებში უკანონოდ დაკავებულ ფართებთან დაკავშირებულ საკითხებს რადიო „ათინათი“ არკვევდა.
ამ საკითხზე სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის დირექტორს ლუიზა ნაჭყებიას გავესაუბრეთ, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალაქის მასშტაბით არსებული 16 ბაღიდან 14 დევნილების მიერ არის დაკავებული. იმის გამო, რომ იძულებით ადგილნაცვალი პირები შენობების პირველ სართულს სრულად ფლობენ ბაღის ადმინისტრაცია საკმარისი სივრცის არ ქონის გამო ბავშვების მიღებას სრულად ვერ ახერხებს. მისივე თქმით იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დევნილები საცხოვრებლად სხვა რაიონში გადაიყვანეს მაგრამ ისევ უკან დაბრუნებულან.
ნომერ 10 ბაღში აფხაზეთიდან დევნილი რვა ოჯახია ჩასახლებული, როგორც ჩვენთან საუბარში დევნილი ზაირა ძაძუა აღნიშნავს დევნილთა სამმართველო მათ ბაღის სანაცვლოდ ფართებს ბათუმში,ფოთსა და კახათში სთავაზობდა, რაზეც დევნილებმა თავის დროზე უარი განაცხადეს. ძაძუას თქმით კარგი იქნება თუ დევნილთა სამმართველო ზუგდიდში გამოყოფს მათთვის საცხოვრებელ ფართებს. მისი თქმით აქედან შორს ყოფნა არ შეუძლიათ,რადგან თავის სარჩენად მცირე საქმიანობას ეწევიან.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დევნილთა სამმართველოში აცხადებენ, რომ მშენებლობის დაწყებისთანავე პირველ რიგში ბაღებში ჩასახლებული დევნილებისთვის გამოიყოფა საცხოვრებელი ფართები.
დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ელერჯია რადიო „ათინათთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხზე სპეციაური კომისია მუშაობს, რომელიც სამინისტროს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ მათი ჩასახლების პროცესი უნდა გადაწყდეს. „პირველ რიგში ქალაქის მასშტაბით ბაღებში ჩასახლებული დევნილები დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით“,- განაცხადა ელერჯიამ.
მასალის გამოყენების პირობები