ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინდმეწარმეების საპროტესტო აქცია გაიმართა. მცირე მეწარმეებმა საგადასახადო სამსახურის მიერ დალუქული მაღაზიების ფაქტი გააპროტესტეს.
ინდმეწარმეების განცხადებით, ზუგდიდში საგადასახადო სამსახურმა უკანონოდ 10-მდე მაღაზია დალუქა და როგორც თავად აცხადებენ შესაძლოა მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
მედიასთან საუბარში ი.მ. თალიკო შამათავა აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელმა გაფრთხილების ოქმი მას უსაფუძვლოდ გამოუწერა. შამათავა ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდა მთავრობის მიმართ და აღნიშნავდა, რომ წინა საარჩევნოდ ისინი "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და მთავრობის ეს ქმედება მათ მიმართ "უსამართლოდ" შეაფასა.
შემოსავლების სამსახურის პრესასთან ურთიერობის წარმომადგენელმა ხატია მოისწრაფაშვილმა მედიასთან საუბარში მაღაზიების დახურვის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ამ ფაქტს გაარკვევს და აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს მედიასთან მოგვიანებით გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლებმა კედიას ქუჩაზე მაღაზიების დალუქვა გუშინ დაიწყეს.
მასალის გამოყენების პირობები