აფხაზეთიდან დევნილ 11 მოშიმშილეთაგან, ერთ-ერთმა რამაზ არონიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. არონია არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების საერთაშორისო საზოგადოების" წარმომადგენელია.
შიმშილობის აქციის მონაწილეები აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის, გიორგი ბარამიას გადადგომას და მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. თუმცა თვითონ არონიას ფართით დაკმაყოფილების მოთხოვნა არ აქვს და იგი აღნიშნულ 11 დევნილს უცხადებს სოლიდარობას.
მოძრაობა "დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის" წარმომადგენელმა ნონა უბილავამ რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ აღნიშნული ადამიანები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყიოფებიან. მოშიმშილეები დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის, მამუკა ცოტნიაშვილის ჩამოსვლას ელოდებიან.
ცოტნიაშვილის წინა ვიზიტის დროს იგი ამ ადამიანების ნაწილს დაჰპირდა, რომ მათ ფართით უზრუნველყოფდა.
"რამაზ არონია ელოდებოდა ცოტნიაშვილის ჩამოსვლას და მისგან პასუხის მიღებას, თუმცა მისი ემოციური ფონი იმდენად მძიმე იყო, რომ მან გადაწყიტა პირი ამოეკერა."-აღნიშნავს ნონა უბილავა
მისივე თქმით არონია მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უკიდურესი ზომის მიღებას, ბენზინის დასხმას და თავის დაწვას აპირებს. უბილავას ინფორმაციით პროტესტის იგივე ფორმას მიმართავს ერთ-ერთი დევნილი ქალბატონიც.
"ცოტნიაშვილი დევნილებს დაჰპირდა, რომ ის ადგილზე გაეცნობა და შეძლებისდაგვარად მოაგვარებს მათ პრობლემებს"-აღნიშნავს უბილავა.
მანამდე კი რამაზ არონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარებსი ბრიგადა, რომელიც არონიას სტაციონარში გადასვლას ურჩევს, ვინაიდან მას გულის შეტევა აქვს მიღებული. არონია ექიმების წინადადებას არ თანხმდება.
მასალის გამოყენების პირობები