საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში 50-მდე შეხვედრა გაიმართა აშშ-ის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, პენატაგონში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი სასარგებლო, საინტერესო და დროული იყო.
"ჩვენს პარტნიორებს მართლაც ძალიან აინტერესებდათ, კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გარკვეულიყვნენ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსში, ეს იქნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულება, თუ საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები. შევხვდით პრაქტიკულად ყველას, ვინც საქართველოზე მუშაობს. ამ შეხვედრების განმავლობაში მე ვიგრძენი სრულიად ცალსახა მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი, ანუ ახალი ხელისუფლებისადმი",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, იმ კონგრესმენებთან შეხვედრებმაც კი, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისადმი მიმართვას, სიფრთხილე გამოეჩინა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ყველაზე უკეთ ჩაიარა.
"მათ მთხოვეს, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მათი სურვილი არის ერთადერთი - ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავოს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის დემოკრატიის სტანდარტებში",-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრების დროს ყველა შეთანხმდა იმ პოზიციაზე, რომ 2003-2004 წლებში დიდი შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ბევრმა ჩათვალა - ხელისუფლებაში კარგი და სწორი ადამიანები მოვიდნენ და კონტროლი საჭირო აღარ იყო.
"ამის გამო შემცირდა დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და თავისუფალი მედიისთვის. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ აღარ გავიმეოროთ ასეთი შეცდომა. ქვეყანას სჭირდება ძლიერი მთავრობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია. ამ ყველაფერში ჩვენ ერთდოულად გვჭირდება დახმარება და ეს უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები