საქართველოში დღეიდან პენსიები გაიზარდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნოე ქინქლაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, მთავრობა საარჩევნოდ გაცემული დანაპირების ეტაპობრივად შესრულებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც 2013 წლის 1-ელი აპრილიდან ასაკის პენსიონერთა პენსია 110 ლარიდან 125 ლარამდე გაიზრდება. აპრილში დამატებით გადასარიცხი თანხა , 194 961 ბენეფიციარისთვის 2 919 760 ლარს შეადგენს.
ნოე ქინქლაძის ინფორმაციით,100-დან 125 ლარამდე გაიზრდება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებობების პირთა (პირველი ჯგუფის ინვალიდების) აღნიშნული პენსია 21 912 პენსიონერს ეზრდება. აპრილში მათთვის დამატებითი გადასარიცხი თანხა 547 900 ლარი იქნება.
2013 წლის 1-ელი აპრილიდან ძალოვანი პენსიონერებისთვის და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა გადაანგარიშდება, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება-მატება 12 500 პირს შეეხო, აპრილში დამატებითი გადასარიცხი თანხა მათთვის დაახლოებით 1 800 000 ლარი იქნება.
სულ აპრილში ზემოთ აღნიშნული ღონისძიებებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით გადასარიცხი თანხა 5 267 660 ლარს შეადგენს. 2013 წლის 1-ელი ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 000 ქულამდე მყოფი) ანუ სოციალურად დაუცველი ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი გაიცემა, ხოლო ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე არსებული 24 ლარის ნაცვლად 48 ლარი გაიცემა.
ასევე, 2013 წლის 1-ელი სექტემბრიდან ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის ინვალიდის პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზრდება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მეორე ჯგუფის ინვალიდობის პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. მარჩენალდაკარგულები და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება.
რაც შეეხება რეგრესის პენსიებს, ანუ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრებულთა პენსიებს, ის წინა მთავრობიდან მხოლოდ 2007 წლის 1 მარტამდე გაიცემოდა, 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსები რეგრესული პენსიის გასაცემად. ეს პროცესი ასევე აპრილის თვიდან დაიწყება.
2013 წლის ბიუჯეტის თანახმად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2 345 000 000 ლარს მოიცავს. თუკი 2011 წელს სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 1 281 301 000 ლარი, ხოლო 2012 წელს 1 379 602 000 ლარი, 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილია 1 654 722 000 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები