სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს ხობს ესტუმრება. უწმინდესი სოფელ პირველ მაისში ახლად აშენებულ ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდმოწამე გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექს მოინახულებს.უწმინდესი ასევე მონაწილეობას მიიღებს კომპლექსში შემავალი წმიდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრის პრეზენტაციაში.
სოფელ პირველ მაისში, ბათუს მთაზე, საეკლესიო კომპლექსის დამაარსებელი ხობის საპატიო მოქალაქე, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ხობის" პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხობის რაიონიდან გოდერძი ბუკიაა.
ტაძრის საძირკველი 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა გრიგოლმა აკურთხა. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა შპს "ლომბადამ", ხატმწერი - დავით ხიდაშელი.
საეკლესიო კომპლექსი, მშენებლობის პროცესში, 2007 და 2009 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ორჯერ მოინახულა.
კომპლექსს გარს ხობის ქვით ნაშენი გალავანი აკრავს. თავად ტაძარი კი წარმოადგენს ექვსაბსიდიან ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას, რომლის თაღებქვეშაც არის ერთი საშუალო და ორი მცირე ზომის საკურთხეველი. კომპლექსს საფუძვლად ქრისტეს მონოგრამა უდევს და იგი X-XI საუკუნის კაცხის მაცხოვრის ეკლესიის ანალოგია, რომლის მსგავსიც თანამედროვე ტაძრებს შორის არ გვხდება. მთლიანად ტაძარს წრიული ფორმა აქვს და ეკლარის ქვითაა მოპირკეთებული.
მასალის გამოყენების პირობები