ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს საკუთრებაში მოსწავლე ახალგარდობის შენობა მთლიანად გადასცა. ამ დრომდე სასახლის საკუთრებაში აღნიშნული შენობის უკან მდებარე კორპუსი იყო, სადაც ფართის სიმცირის გამო ხშირად პრობლემები იქმნებოდა.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი ჟენეტ ქვარცხავა ჩვენთან საუბარში, აღნიშნავს, რომ ოთახები სადაც მათ ადრე უხდებოდათ მეცადინეობა ძალიან პატარა იყო და სივიწროვის გამო ხშირად შეხვედრები და ტრენინგები გალერეაში იმართებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით კი სასახლის საკუთრებაში რამდენიმე გარემონტებულ ოთახთან ერთად დარბაზისთვის განკუთვნილი ფართიც გადავიდა, რომელიც სამასამდე ადამინს იტევს. უკვე ერთი კვირაა აღნიშნულ შენობაში დასუფთავების სამსახურის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემრულებელი გიზო სართანია ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამ წლისთვის აღნიშნულ შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყება არ იგეგმება.
„მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ინიციატორი, რომელიც შენობას რესტავრაციას ჩაუტარებს, თუ ეს ამ წელს არ მოხერხდა მომავალ წელს გამგეობა შეეცდება, რომ აღნიშნულ შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდეს და შესაფერისი იერ-სახე მიიღოს-,“აცხადებს გიზო სართანია.
მასალის გამოყენების პირობები