საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ვლადიმერ შანავა მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის გმირი არ არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ჩვენი ქვეყნის სახელი, არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ყოფილიყო წარმოჩენილი. მან საკუთარი სიცოცხლის შეწირვით, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისათვის გადადგა ძალიან დიდ ნაბიჯი. დარწმუნებილი ვარ, რომ ის მსხვერპლი რაც მან გაიღო, ჩვენს ქვეყანას დიდ მიზნამდე - ძლიერ, ერთიან საქართველომდე მიიყვანს, რომელიც ნატოს და ევროპული ოჯახის წევრი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.წალენჯიხის რაიონში დაღუპული სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და სხვა სამხედრო პირებმა.
კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალების ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი.
კაპრალ ვლადიმერ შანავას წალენჯიხის რაიონში ხუთშაბათს დაკრძალავენ.
თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ხარჯებს, ოჯახები კი კანონმდებლობით განსაზღვრულ დახმარებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები