დღეს "დედაენის ბაღში" სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერების მიერ დაგეგმილ აქციას მოწოდებით _ "არა თეოკრატიას" დღესვე, 18:00 საათზე, "ეროვნული ფრონტი" ლგბტ-ების საწინააღმდეგო აქციით უპასუხებს. "ეროვნული ფრონტის" მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნაა: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!"
"ეროვნული ფრონტი" მიიჩნევს, რომ 17 მაისს ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქცია პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და ქართულ საზოგადოებაში მისთვის მიუღებელი ფასეულობების და ღირებულებების ძალადობრივად თავსმოხვევის მცდელობას შეიცავდა. სწორედ, ამგვარმა მცდელობამ განაპირობა საზოგადოების მწვავე რეაქცია და გამოიწვია მოვლენების სტიქიური განვითარება. ამავე დროს, გლობალისტური ეკონომიკური კლანების გრანტებით ნასაზრდოები ფსევდო-ლიბერალური ფრთა ცდილობს 17 მაისის მოვლენები გადააბრალოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სასულიერო პირებს, რაც ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაზე იდეოლოგიური ძალადობის ელემენტებს შეიცავს", _ აცხადებენ "ეროვნულ ფრონტში".
ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 17 მაისს ლგბტ ღირებულებების პროპაგანდის წინააღმდეგ ქართულმა საზოგადოებამ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა.
"ამ დღეს გამოვიდა ერიც და ბერიც. სასულიერო პირებმა კი უდიდესი როლი ითამაშეს იმაში, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხის რისხვა ტრაგიკული შედეგებით არ დასრულებულიყო და ვითარება საყოველთაო ქაოსში არ გადაზრდილიყო. ამიტომ, ხელოვნური და ყოვლად უსაფუძვლოა ფსევდო-ლიბერალთა მცდელობები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ქართულ ეკლესიას დააკისრონ. პირიქით, სწორედ ორგანიზაცია "იდენტობის" და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და გამომწვევმა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა უბიძგა ქართულ საზოგადოებას რადიკალური ნაბიჯებისკენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ქართველმა ერმა და საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვეს მამა-პაპათა ტრადიციული ფასეულობები და მორალურ-ზნეობრივი იდეალები და ეს მოხდებოდა და კვლავაც მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მსგავს პროცესებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სასულიერო პირები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების სულისკვეთება და საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს პერიოდში მიიღოს კანონი ლგბტ ფასეულობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ", _ აცხადებენ "ეროვნულ ფრონტში".
მასალის გამოყენების პირობები