საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მზადდება და პარლამენტს უმოკლეს ხანებში წარედგინება.
"ბევრი უხერხული მომენტია დატოვებული კონსტიტუციაში წინა ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის ერთ-ერთი ორმაგი მოქალაქეობის საკითხს ეხება. ვფიქრობ, ეს და სხვა საკითხები დროულ და ოპერატიულ ჩარევას და გასწორებას საჭიროებს. ამ თემებზე აქ გარკვეული ინიციატივები უმოკლეს ხანში იქნება", - აღნიშნა ძიძიგურმა.
მოქმედი კონსტიტუციით, სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა. ასევე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამასთან, გასულ წელს, მას შემდეგ რაც პოლიტიკიაში ჩართულმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, კონსტიტუციაში "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივითა და ყოფილი სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერით უპრეცედენტო ნორმა ჩაიდო. კერძოდ, დღეს ქვეყნის უმაღლესი კანონის თანახმად 2014 წლის 1 იანვრამდე, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში, აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც ორმაგ მოქალაქეებს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას უზღუდავს.
მასალის გამოყენების პირობები