ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს ბენეფიციარების კრიტერიუმების დარღვევით შერჩევასთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვრირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისმა პრესკონფერენცია გამართა. გამჭვირვალობის ოფისის ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალური სამსახურის მიერ მინიჭებული 57 000 და დაბალი სარეიტინგო ქული მქონე ბენეფიციარს "უფასო სასადილოს" სერვისს სთავაზობს.
„როგორც სოციალური მომსახურების ცენტრის წერილით დგინდება „უფასო სასადილოს“ 20 ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა 57 000-ზე მაღალი სარეიტინგო ქულებით არის შეფასბული, 23 ბენეფიცირი კი სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული არ არის.“-აღნიშნავს "საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ანალიტიკოსი არჩილ თოდუა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოწოდებულ წერილში ნათქვამია, რომ 2013 წელს „უფასო სასადილოსთვის“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 90 ათასი ლარია გამოყოფილი, რომელიც 200 ბენეფიციარზეა გათვლილი. ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა 57 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მარტოხელა, მარჩენალდაკარგულ და მრავალშვილიან ოჯახებს ენიჭებათ. „ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელია ითქვას, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა არღვევს ბენეფიციართა შერჩევის მის მიერვე დადგენილ კრიტერიუმებს, რადგან მათი სარეიტინგო ქულა აღემატება 57 ათასს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი საერთოდ არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში.“-აცხადებენ გამჭვირვალობის ზუგდიდის ოფისში.
პრეს-კონფერენციაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო გასაცემლების მარეგულირებელ აქტებზე, რომლის შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და არის უსახლ-კარო, არ აქვს კანონიერი შესაძლებლობა გახდეს სოციალური დახმარების მიმღები, შესაბამისად, ამ მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ აფასებს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით" საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ზუგდიდის ოფისმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმდინარე წლის აპრილის თვეში მიმართა და "უფასო სასადილოთი" მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმების ისე შეცვლა სთხოვა, რომ, ერთი მხრივ, თავად არ დაარღვიოს მის მიერ დადგენილი წესები და, მეორე მხრივ, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს ბენეფიციარები, რომლებისთვისაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„გამგეობის სოციალურმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს თითოეული ბენეფიციარის რეალური სოციალური მდგომარეობა და გადაწყვეტილება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე მიიღოს.“-ნათქვამია რეკომენდაციაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ოფისს წერილობითი პასუხი არ მიუღია .
„გამგეობის სამსახურის წარმომადგენლებმა პირად საუბრებში ზეპირი მზაობა გამოთქვეს ,კრიტერიუმების შეცვლაზე მუშაობის მხრივ“,-აღნიშნავს არჩილ თოდუა.
თავის მხრივ გამგეობის იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის უფროსი, გოგი რევია აცხადებს, რომ "უფასო სასადილოები" 2005 წელს სასულიერო პირების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის საფუძველზე 70 ნაკლებად უზრუნველყოფილი მრევლისთვის შეიქმნა. „ეს მაშინ არ მომხდარა ქულების საფუძელზე, ეს იყო ხალხი, რომელსაც ძალინ უჭირდა ამის შემდეგ მათ დაემატა გამგეობის მიერ შერჩეული ბენეფიციარები. დადგინდა 57 000 ათასიანი ქულების ზღვარი იმისთვის,რომ სტიქიურად არ მომხდარიყო შერჩევა.“-აღნიშნავს გოგი რევია.
იგი მზადყოფნას გამოთქვამს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ოფისთან" ითანამშრომლოს და იმუშაოს ისეთ კრიტერიუმებზე, რომელიც არავის ინტერესებს არ შელახავს.
მასალის გამოყენების პირობები