თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესზე მოწმის დაკითხვას ხმაური მოჰყვა.შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლკოვნიკ სიმონ ქარჩაიძეს ჩვენების მიცემისას ხელზე დაზარალებული პირების სახელები და გვარები ეწერა, რაც დაცვის მხარემ შენიშნა და გააპროტესტა.
ბაჩო ახალაიამ ქარჩაიძე სასამართლოს შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა. პროკურორმა კი დაცვის მხარის ქმედება მოწმის პირად ცხოვრებაში ჩარევად შეაფასა.
მოსამართლის განმარტებით კი, მოწმეს უფლება აქვს ისარგებლოს ჩანაწერით ჩვენების მიცემისას, თუმცა ამის შესახებ სასამართლოს წინასწარ უნდა ეცნობოს.
დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოწმის დაკითხვა მაინც გაგრძელდა. თავად ქარჩაიძემ კომენტარი არ გააკეთა.
პროცესზე ბრალდების იმ ეპიზოდზე მსჯელობენ, რომელიც ახალაიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდს ეხება და შვიდი სპეცრაზმელის წამების ფაქტს გულისხმობს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების კიდევ 3 მოწმე დაიკითხება.
მასალის გამოყენების პირობები