ზუგდიდში დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი შეხვდა.
შეხვედრის ორგანიზატორის, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებსითვის“ წარმომადგენლის ნონა უბილავას განცხადებით მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება გახდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დევნილებმა, რომლებიც შეჭრილები არიან ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ობიექტებში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მათ მიერ დაკავებული შენობები. ამ განცხადების შემდეგ ზუგდიდში რამდენიმე ობიექტზე შეჭრილმა დევნილებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავდნენ.
დევნილების შეხვედრამ მინისტრის მოადგილესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იძულებით გადადგილებული პირები მამუკა ცოტნიაშვილს საკუთარ პრობლემებს უზიარებდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებს იღებდნენ.
პრიორიტეტული საკითხი შეხვედრაზე ე.წ შეჭრილი დევნილების თემა იყო. დევნილთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დევნილთა შეჭრის პროცესი უნდა დასრულდეს.
„სახელმწიფოს სტრატეგიის პრიორიტეტი დევნილთა პრობლემების მოგვარებაა. ამან არ უნდა შეუწყოს ხელი „შეჭრის„ პროცესებს, რომელსაც ყველგან აქვს ადგილი, მაგრამ ობიექტებზე შეჭრის ყველაზე მეტი მაგალითი სამეგრელოშია. ჩვენ გვაქვს გეგმაზომიერი გათვლები, რომ მოხდეს დევნილების მშვიდობიანი გამოსახლება და მათი ძირითადი პრობლემების გადაჭრა და დასაქმება“,-აღნიშნა ცოტნიაშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების დევნილებისგან დაცლასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო.
„აღარ უნდა მოხდეს შეჭრები, მაგრამ ის დევნილები, რომლებიც ახლა შეჭრილები არიან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილდებიან",-აცხადებს ცოტნიაშვილი.
მისივე ინფორმაციით ზუგდიდში მცხოვრები დევნილებისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსისი მშენებლობა უკვე დაიწყო, კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 300 დევნილისთვისაა გათვალისწინებული. იძულებით გადადგილებული პირები სამინისტროს მიერ სპეციალური კრიტერიუმებით შეირჩევიან და საცხოვრებელი ფართით მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები