„სახალხო მოძრაობის' პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
ნესტან კირთაძე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს უახლეს ისტორიაზე ესაუბრა, პოლიტიკური რეალობა შეაფასა და სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.
კირთაძემ აღნიშნა, რომ ის, როგორც „სახალხო მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო კამპანიას ზუგდიდიდან იწყებს და სამეგრელოს მეტად მნიშნელოვანი რეგიონი უწოდა. მისივე განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამინები არიან მომავალი პოლიტიკოსები.
„დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნებიდან ხშირად ისმის ამა, თუ იმ საკითხზე არაპროფესიონალური შეფასებები, ამიტომ აუცილებელია თქვენ იყოთ პროფესიონალები და კარგად იცნოდბეთ საჭირბოროტო საკითხებს“- მიმართა კირთაძემ სტუდენტებს.
შეხვედრაზე ყველაზე აქტუალური კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებული მიდგომები და გზები იყო.
„სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების ძირითადი გზა სახალხო დიპლომატიაა, ამიტომ აუცილებელია დაიწყოს კონკრეტული პროცესი, შეხვედრები და თანამშრომლობა ყველა სფეროში.
კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი და სწორი კურსი ევროპაზე გადის, ამიტომ აუცილებელია მოქნილი დოპლომატია, როგორც საერთაშორისო ასევე, რეგიონულ დონეზე.
ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დღევანდელი მთავრობის მიერ შერჩეული კურსი ევროპისკენ მიმართული, იმ ფონზე, როცა მათი გადაწყვეტილებით აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო, კირთაძემ უპასუხა, რომ გამოძიების დაწყება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა იყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელის არჩევნების შემდეგ ხალხს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, ახალმა მთავრობამ კი მათი ინტერესები დაივიწყა.
კონფლიქტურ რეგიონებთან სამშვიდობო პლათფორმასა და სახალხო დიპლომატიაში ხედავს კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე რეალურ გზას „სახალხო მოძრაობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ვახუშტი ფარცვანიაც.
„ჩვენდა სამწუხაროდ ქართველ ხალხს ერთადერთი გამოსავალი დარჩა, სახალხო პროცესით დაწყებული აღმა სვლა, რადგან პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა თავინთი ნდობის ლიმიტი მოსახლეობასთან ამოწურეს,“-აღნიშნა ვახუშტი ფარცვანიამ.
შეხევედრა დადებითად შეაფასა სტუდენტმა ილია ჭითანავამ და აღნიშნა, რომ დიპლომატიური სახალხო პროცესის დაწყება აუცილებელია.
ნესტან კირთაძე ზუგდიდში რამდენიმე დღეს გაატარებს. იგი სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში იგი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების გაცნობასაც გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები