სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განვითარების სტრატეგიაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტრატეგიის შემუშავების საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა ქობულეთში გაიმართება, რის შემდეგაც სტრატეგიის დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს და დასამტკიცებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.
სტრატეგიული გეგმების შემუშავება სამინისტროსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ერთობლივად ხდება. დოკუმენტის შემუშაებაში სამუშაო ჯგუფები და სფეროს ექსპერტები არიან ჩართულნი.
საკითხზე მომუშავე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რეგიონული განვითარების ახალი სამთავრობო პოლიტიკა წინა პლანზე სოციალურ საკითხებს და რეგიონების დამოუკიდებელი, ავტონომიური ფუნქციონირების შესაძლებლობების განსაზღვრის საკითხს წამოსწევს.
სოციალური განვითარების, ეკონომიკურ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სფეროებად დაყოფილი სამუშაო ჯგუფები რეგიონებში არსებული სიტუაციების სრული ანალიზის შემდეგ კონკრეტულად განსახორცილებელ ამოცანებზე და საჭიროებებზე საუბრობენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცხოვრების დონის მიხედვით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მეოთხე ადგილზეა. შინა მეურნეობის ხარჯების სტრუქტურაში კი პრიორიტეტი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებს უჭირავთ. რეგიონში ასევე აქტუალურია დევნილთა პრობლემები. უმუშევრობის დონე 6 დან 16%-მდეა გაზრდილი. პრობლემებია ჯანდაცვის სექტორშიც. დასახვეწი და გადასამზადებელია სახანძრო სამაშველო სამსახურის პერსონალი. ასევე პრობლემატურია გენდერული ბალანსი რადგან გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე ქალთა დანიშვნა შეზღუდულია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ ექსპერტებს რამდენიმე საკითხზე რეკომენდაციით მიმართა და აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს რესურსების განსაზღვრა, თუ რას მოაგვარებს ცენტრი და რა პრობლემის გადაჭრა მოხერხდება ადგილზე. ასევე გასათვალისწინებელია მიწის საკუთრების პრობლემა, ბაღების დაფინანსებისა და რეაბილიტაციის პრობლემა. მისივე განმარტებით აუცილებელია დოკუმენტში აღნიშნული იყოს რეგიონში ნარკომომხმარებელთა მაღალი პროცენტული მაჩვენებელი და ამ პრობლემის მოგვარების პერსპექტივები.
გაეროს რეგიონული განვითარების პროგრამის სოციალური საკითხების კუთხით ირინე სახელაშვილი აღნიშნავს, რომ სოციალურ სექტორში პრიორიტეტულია სასმელი წყლის პრობლემის, კომუნალური ინფრასტრუქტურის, დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის პრობლემის მოგვარება, სკოლანდენი დაწესებულების, სკოლების რეაბილიტაცია და პირველადი დახმარების სამედიცინო ობიექტების მომსახურების ხარისხის გაზრდა.
რეგიონული განვითარების სამსახუის უფროსის გელა სვირავას განხადებით დაახლოებით 20 დღეში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს განვითარების ახალი სტრატეგია ექნება.
მასალის გამოყენების პირობები