ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიაში ათობით საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე დატბორილია. განადგურებულია საბოსტნე მეურნეობა. ეზოებში 50-90 სმ-მდე წყალი დგას. მოსახლეობა, მათი საცხოვრებელი კარ-მიდამოს დატბორვას სასტუმოებისა და ბულვარის მშენებლობას უკავშირებს.
ანაკლიის მკვიდრის ლალი ქვარცხავა რადიო „ათაინათან“ საუბარში ამბობს, რომ სასტუმროებისა და ბულვარის მშენებლობის დროს, მანამდე არსებული არხები, რომელიც მათ ეზოებს დატბორვისგან იცავდა, მიწით ამოავსეს, ნაცვლად კი ახალი არხები არ გააკეთეს.
„ყველაფერი განადგურებულია. სამ ადგილას მქონდა ბოსტანი და არც ერთი აღარ დარჩა. ირგვლივ ყველაფერი დატბორილია. წყალს გასავლელი არსად აქვს და ეს ერთი თვე ვერ დაშრება“, - ამბობს ანაკლიის მკვიდრი ლალი ქვარცხავა, რომელიც ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცხოვრობს.
ანაკლიის მოსახლეობა ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვს.
თორნიკე ბუბუტეიშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სატუმრო „ანაკლიის“ უკანა მხარეს მდებარეობს, პირველი სართული მთლიანად დატბორილია. ბუბუტეიშვილების ეზოში 80 სმ წყალი ამ დრომდე დგას.
ბუბუტეიშვუილების ოჯახიც ქვარცხავების მსგავსად, ეზოების დატბორვას სასტუმროების მშენებლობას უკავშირებს და მთვარობისგან კომპენსაციას ან ახალი სახლის მშენებლობას ითხოვს, რადგან მათივე თქმით, მათი საცხოვრებელი სახლი ხშირი დატბორვების შედეგად უვარგისია.
„ეს წყალი არ ვიცით როდის დაშრება. უკვე საშინელი ანტისანიტარიაა. ჩვენთან გუშინ სახანძროებმა იმუშავეს, მაგრამ ერთი წვეთი წყალი არ მოაკლდა“, -აცხადებენ ბუბუტეიშვილები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ უხვ ნალექს მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი არ მიუყენებია. მათივე განმარტებით, ათობით სახლის დატბორვა სანიაღვრე სისტემების არ არსებობამ გამოიწვია.
„წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის მოწყობის კუთხით სამწუხაროდ ბევრი არაფერი გაკეთებულა. სწორედ ეს იწვევს მოსახლეობის დატბორვას. მაგალითად, ანაკლიაში, როცა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, სანიაღვრე სისტემები არ გაითვალისწინეს და მოუწესრიგებელი დარჩა “, - აცხდაბეს გიორგი თოდუა.
მისივე განმარტებით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისივე თქმით, „ამ კუთხით მიმდინარე წელს, როგორც სოფლის მხარდამჭერი პროგრამებიდან , ისე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.“
ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის საბოლოოდ დათვლის შემდეგ კი, გამგეობა ეცდება დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.
ზუგდიდის გამგეობის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა ამბობს, რომ ანაკლიაში დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოქაჩვა სახანძრო მანქანების საშუალებით შეუძლებელია. მისივე განმარტებით, ანაკლიაში არსებობს წყლის საწრეტი მილები, რომლის საშუალებით წყალი ეზოებიდან თანდათან დაშრება, თუმცა მისივე თქმით, წყლის საბოლოოდ დაშრობას დრო დასჭირდება.
ფოტორეპორტაჟი
მასალის გამოყენების პირობები