"სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“, ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
“სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელის ნუგზარ გაბელიას თქმით, სანიტარულ-ჰიგიენური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის მიხედვით საბავშვო ბაღების უმრავლესობა კვლავ მძიმე მდგომარეობაშია.
„დაზიანებულია კედლები, იატაკი, ჭერი, მოშლილია სახურავი, ბაღების ნაწილში არ იღება ფანჯრები და შეუძლებელია ოთახების განიავება. არა აქვთ საკმარისი ინვენტარი, მოძველებულია სამზარეულოს ინვენტარიც და მოუწესრიგებელია ელექტრო-სადენები. მძიმეა ასევე სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბაღებს არ მიეწოდებათ გამდინარე და ცხელი წყალი“, - აცხადებს გაბელია.
მისივე განცხადებით, ბაღებში კვების პროცესი, წინა წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია და კალორიების ოდენება მინიმალურად აკმაყოფილებს „საქართღველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს“ ბრძანების მოთხოვნებს.
კვლევის თანახმად, ბაღების უმრავლესობაში უსაფრთხოება არ არის დაცული, რადგან იატაკი და ჭერი ამორტიზირებულია.
“სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ ასევე ყურადრება გაამახვილა საგანმანათლებლო პროცესზე და ბაღის თანამშრომლების შრომით ანაზღაურებაზე. კვლევაში აღნიშნულია, რომ სწავლების მეთოდოლოგია ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება. თუმცა, ასევე ნათქვამია, რომ ბაღების უმრავლესობას არ გააჩნიათ საკმარისი წიგნები, საწერ კალმები და ფანქრები.
„ბაღების თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება 102, 5 ლარს უდრის, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება ერთ სულიანი ოჯახისთვის განსაზღვრულ საარსებო მინიმუმს (133, 5 ლარი). დაბალი ფინანსური მოტივაციის პირობებში შეუძლებელია, როგორც კომპენტენტური თანამშრომლების შენარჩუნება, ასევე მათი კვალიფიკაციის ამაღლება“, - ნათქამია კვლევაში.
ამასთან, “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ ადგილობრივ მთავრობას რეკომენდაციების სთავაზობს. რეკომენდაციების თანახმად, უპირველეს ყოვლისა უნდა მოხდეს 58 საბავშვო ბაღში არსებული სიტუაციის შესწავლა, პრობლემების იდენტიფიცირება და მათი კლასიფიკაცია. ასევე, უნდა შემუშავდეს სკოლამდელი სააღმზრდეელო დაწესებულებების განვითარების სტრატეგია მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს საბავშვო ბაღების ბიუჯეტი. “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ ასევე, ფიქრობენ, რომ სასურველია ბაღებს მიენიჭოთ იურიდიული პირის სტატუსი, რადგან ბაღებს ადმინისტრირების პროცესში უნდა ჰქონდეთ სრული დამოუკიდებლობა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს და რეკომენდაციებს 2014 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს აუცილებლად გაითვალისწინებენ.
მასალის გამოყენების პირობები