წელიწად-ნახევრის წინ დაკარგული 44 წლის გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დღეს, 9 ივლისს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. გაუჩინარებულის ახლობლები შს მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ითხოვდნენ შეხვედრას.
მოგვიანებით, აბულაძის ახლობლებთან სასაუბროდ სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა კირთაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიგა ზესაშვილი მივიდნენ და დახმარებას დაპირდნენ.
დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, რომ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის საქმეს იმერეთის პროკურატურა ბოლო 6 თვის განმავლობაში იძიებდა, გამომძიებელმა ფილიპე ადეიშვილმა საქმის გამოძიება 5 დღის წინ შეწყვიტა.
ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ არაერთხელ გაგზავნეს წერილი შს მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
როგორც გაუჩინარებულის ახლობლები განმარტავენ, მათ ღარიბაშვილთან შეხვედრას დაპირდა სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსი კობა კირთაძე, თუმცა დაპირება არც მას შეუსრულებია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აბულაძის ოჯახის წევრებს კირთაძემ განუმარტა, რომ იმ დროს მინისტრი საქართველოში არ იმყოფებოდა და ამიტომ ვერ მოხერდა მათი შეხვედრის ორგანიზება.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლასაც ქონდა ადგილი, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა.
გიგა ზესაშვილსა და კობა კირთაძეს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა მათ აბულაძის ახლობლებს განუცხადეს, რომ გაუჩინარებულის საქმის გამოძიება მათ არ ეხება და საქმეზე იმერეთის პროკურატურაა პასუხესმგებელი.
ცნობისთვის, ანაკლიის მკვიდრი გოგიტა აბულაძე სახლიდან 2012 წლის 18 ივნისს გავიდა. ის სამსახურში, სასტუმრო „ანაკლიის“ მიმართულებით წავიდა, სადაც ინჟინერ-ტექნიკოსად მუშაობდა. აბულაძის გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ მშობლებმა სახლში, მისი წერილი შემთხვევით იპოვეს, სადაც წერია: „გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ“. აბულაძის ახლობლები აცხადებენ, რომ წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ პაჭკორიაა.
მასალის გამოყენების პირობები