,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა.
მისი შემუშავება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოხდა.
კანონპროექტის ავტორების აზრით, ბოლო წლებში საქართველოს მუნიციპალიტეტებში შეინიშნება ყოველგვარი დასაბუთების, გათვლებისა და არგუმენტაციის გარეშე საშტატო ერთეულების ზრდა. მათი ხელფასები კი მძიმე ტვირთად აწვება ადგილობრივ ბიუჯეტს. კანონპროექტის მიზანია საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაცია, გამგეობებსა და საკრებულოს აპარატებში როგორც მოსამსახურეთა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის ოპტიმიზაცია.
კანონპროექტის მიხედვით, გამგეობის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა განისაზღვრება 30 საშტატო ერთეულით, შესაბამის საკრებულოში 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების ორმაგი ოდენობის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებული ჯამით. გამგეობისა და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა შტატით გათვალისწინებული რაოდენობის 10 %-ს. ასევე, საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ხარჯები არ უნდა აღემატებოდეს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების 25%-ს.
დღეს მოქმედი კანონით საკრებულოს თავმჯდომარის დისკრეციული უფლება აქვს გამგეობის ( მერიის) მოსამსახურეთა წახალისება და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, ახალი კანონპროექტით ეს უფლება გადაეცემა გამგებელს.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული არანაირ დამატებით ხარჯთან. შესაბამისად, არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის არც ხარჯვით და არც საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება და არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. კანონპროექტი შემუშავებულია და თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებას.
კანონპროექტის შემუშავებაში არ მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები.
მასალის გამოყენების პირობები