რადიო „ათინათმა“, „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველომ" და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია სასტუმრო „ანაკლიაში გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ამასთან, პროექტის მთავარი ამოცანაა თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.
პროექტი 6 თვის განმავლობაში განხორციელდება და ის სხვადსხვა ღონისძიებებს მოიცავს. მათ შორის, რადიო გადაცემებს, უმაღლეს სასწავლებლებში სემინარების ჩატარებას, სოფლებში შეხვედრებს, ქუჩის გამოკითხვებს და ა.შ.
„ჩვენს კოალიციას საკმაოდ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა აქვს ჩამოყალიბებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგეობასთან და ვფიქრობთ, რომ ამ ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ მნივშნელოვნად გაუმჯობესდეს თვითმმართველობის ხარისხი ჩვენს მუნიციპალიტეტში“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი არჩილ თოდუა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტი მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან პროექტის ამოცანები და მიზნები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და დეცენტრალიზაციას პასუხობს.
„ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან და მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა.
ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარების ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები