ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციამ საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათ ამ დროისთვის 17 ათასამდე ხელმოწერა აქვთ.
ზუგდიდის ფედერაციის პრეზიდენტი როლანდ მაქაცარია აცხადებს, რომ ხელმოწერების შეგროვების დაწყებას ერთ-ერთი საჯარო მოხელე უკვე გამოეხმაურა, რომელმაც საკუთარი სახსრებით სტადიონის აშენების სურვილი გამოთქვა. თუმცა მისივე განმარტებით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
„არის ერთი ზუგდიდელი ადამიანი, მაგრამ სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ვინაობას ვერ დაგისახელებთ. ამ ადამიანს ბევრი კარგი გაუკეთებია ზუგდიდისთვის, აშენებს ეკლესიებს და ბევრ რამეებს...სტადიონის მსენებლობაც არ გაუჭირდება“,- აცხადებს როლანდ მაქაცარია.
ფეხბურთის ფედერაციაში ასევე აცხადებენ, რომ ისინი სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით ზუგდიდის გამგეობის ხელმძრვანელებსაც შეხვდნენ.
„სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით გამგეობაში ძალიან დიდი გულისტკივილი გამოთქვეს, მაგრამ გვითხრეს 2 წელი ბიუჯეტიდან თანხას გამოყოფა ვერ მოხერხდებაო“, - ამბობს რადიო „ათინათთან“ საუბარში როლანდ მაქაცარია.
ამასთან, ფედერაციაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ბიზნესმენთან მოლაპარაკება დადებითად არ დასრულდა, საფეხბურთო ფედერაცია მშვიდობიან საპროტესტო აქციებს გამართავს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელი გიორგი თოდუამ რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ სტადიონის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოძიების საკითხზე, გამგეობა სხვადასხვა სამინისტროებთან ინტენსიურად მუშაობს.
ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა კომბინატის დასახლებაში გასულ წელს დაიწყო, თუმცა მალევე შეწყდა.
ცნობისთვის, ზუგდიდის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, 2ო11 წლის დეკემბრის დასაწყისში დაანგრიეს. სტადიონის ყოფილ ტერიტორიაზე ამჟამად დასასვენებელი პარკის და იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები