საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.“- ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო „ათნინათს“ განუცხადა, რომ ის სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ გაცნობია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გათავსიფლებულების საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
„ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. დაველოდოთ სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას, იქ გაირკვევა ყველაფერი“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1 ბრძანება „მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ“ და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
სორდიას და კვარაცხელიას საქმის განხილვის დროს, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმარა, გაირკვა რომ მესტიის მუნიციპალიტეტში საშტატო ერთეული არ შემცირებულა. აქედან გამომდინარე მესტიის გამგებლის ცნობა გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო.
მასალის გამოყენების პირობები