გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2013 წლის ეროვნულ გამოცდებში მონაწილეთა 8%, ანუ დაახლოებით 3 600 აბიტურიენტი სტუდენტი ვეღარ გახდება.
როგორც მიმინოშვილმა დღეს პრეს–კლუბში სტუმრობისას აღნიშნა, მოცემული შედეგები სამი სავალდებულო გამოცდიდან მხოლოდ ერთის – ზოგადი უნარების ტესტების გასწორების შედეგადაა მიღებული.
„ეს არის მხოლოდ ზოგადი უნარების ტესტების გასწორების შედეგი. ჯერ კიდევ წინაა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხოური ენის ტესტების შედეგები და ბუნებრივია, ბარიერს მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების რაოდენობა კიდევ გაიზრდება,“– განაცხადა მიმინოშვილმა.
მისივე თქმით, „ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013“–ის სტატისტიკური ანალიზის შედეგები შარშანდელს მნიშვნელოვნად არ სჯობს.
„სირთულის მიხედვით, 1, 2 და 3 ვარიანტის ტესტები უფრო რთული იყო, სირთულის საშუალოდ 48%–იანი ხარისხით, რაც დაახლოებით 38 ქულა გამოდის. ეს ყველაფერი სკალირების პრინციპით დარეგულირდება,“– აღნიშნა მიმინოშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები