ხვალ, 20 ივლისს ზუგდიდში, შალვა დადიანის სახელობის თეატრში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პარტიის ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად, პრაიმერს გამართავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა დამენიას განცხადებით, პრაიმერში სულ 350 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. აქედან, 150 დელეგატი ზუგდიდიდან იქნება, დანარჩენი კი სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან და გურიიდან იქნებიან.
„ზუგდიდიდან, დელეგატებისთვის 150 კვოტაა გამოყოფილი, პარტიაში კი 2000-ზე მეტი წევრი მყავს, აქედან გამომდინარე ყველას ვერ დავპატიჟებთ. დელეგატები იქნებიან სოფლის ხელმძღვანელები და უბნის კორდინატორები და ა.შ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაშა დამენიამ.
მისივე განმარტებით, ხვალ, თეატრში დელეგატების რეგისრაცია 15 საათზე დასრულდება, ხოლო პრაიმერი 4 საათზე მეტ ხანს გასტანს.
ცნობისთვის, პრაიმერში პარტიის ოთხი კანდიდატი, დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე მონაწილეობენ. პარტიამ პრაიმერი სამ ქალაქში, ქუთაისში, თელავსა და გორში უკვე გამართა. სამივე ქალაქში დავით ბარაძემ გაიმარჯვა.
მასალის გამოყენების პირობები