ანაკლიის "მომავლის ბანაკს" დღეს მოსწავლეების პირველი ნაკადი ესტუმრება. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ბანაკის ოფიციალურ გახსნას მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე დაესწრებიან.
ბანაკის ტერიტორიაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაიწმინდა ტერიტორია და მოწესრიგდა საცხოვრებელი და საკვები ობიექტები. ბანაკს 14-18 წლამდე მოზარდებისგან დაკომპლექტებული 7 ნაკადი ესტუმრება, საერთო ჯამში 2000 ადამიანზე მეტი.
პროგრამის ბენეფიციარები საქართველოს რეგიონებიდან 14-18 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად საქართველოს მასშტაბით თითოეული სკოლიდან შეირჩა ერთი მოსწავლე. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენის, ტოლერანტობის, არჩევნების და საქართველოს ისტორიის შესახებ.
მონაწილეთა მართვას, პროგრამულ აქტივობებში ჩართულობასა და დისციპლინის დაცვას ბანაკის ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ ლიდერები. მონაწილეთა თითოეულ 24-კაციან ჯგუფზე პასუხისმგებელია განსხვავებული სქესის ორი ლიდერი. ლიდერები შეირჩევიან ორეტაპიანი ღია კონკურსის საფუძველზე. ლიდერებთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება. ყოველი ნაკადის დასრულებისას ლიდერების კოორდინატორი ახორციელებს ლიდერების შეფასებას სპეციალურად შემუშავებული ფორმის საფუძველზე.
მასალის გამოყენების პირობები