მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, გამგეობიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით სახალხო დამცველს პასუხობს. განცხადებაში, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა, ნათქვამია რომ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და იმ სამართლებრივ პრეცენდენტებს, რომელთა კანონიერება დამკვიდრებულია სასამართლო პრაქტიკაში. ამავე განცხადებში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულების, სოფიო კვარაცხელია და მაია სორდიას საქმე სასამართლო წარმოებაშია და მხოლოდ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდგომ მიეცემა შესაძლებლობა გაითვალისწინოს რეკომენდაციები.
„ზოგადად, მიგვაჩნია, რომ საბოლოო რეკომენდაციის შემუშავებამდე უმჯობესი იქნებოდა სახალხო დამცველს ინფორმაცია მიეღო მეორე მხარისგანაც და ადგილზე, მესტიის გამგეობაში ჩამოსვლით და გარემოებების გულდასმით შემოწმების შემდეგ გაეკეთებინა სათანადო დასკვნები. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომშიც გაგრძელდება კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა მესტიის მუნიციპალიტეტსა და სახალხო დამცველის ოფისს შორის“,- ნათქვამია მესტიის გამგებლის განცხადებაში.
ცნობისვის, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის რეკომენდაციაი ასევე, ნათქვამი იყო, რომ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.
მასალის გამოყენების პირობები