რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით ეკლესიების მეთაურები რუსეთის, უკრაინისა და ბელურუსის პრეზიდენტებს შეხვდებიან, - ამის შესახებ თბილისის აეროპორტში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროტოპროსვიტერმა ისაუბრა რუსეთში პატრიარქის ვიზიტთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი რუსეთში, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავს ეძღვნება. მასში ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები, მაღალი სასულიერო პირები, პატრიარქები მიიღებენ მონაწილეობას.
დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ამ მოვლენასთან დაკავშირებით წირვები გაიმართება მოსკოვში, კიევსა და მინსკში. ასევე პროგრამის მიხედვით, 23 ივლისს დაგეგმილია ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებისა და მაღალი რანგის სასულიერო პირების შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, 27 ივლისს უკრაინის პრეზიდენტთან, 29 ივლისს კი ბელორუსის პრეზიდენთან.
"ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტები გულისხმობს სხვადასხვა სახის შეხვედრებს და ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი მოვლენები გავაშუქოთ თქვენს წინაშე", - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, შეხვედრების დროს იქნება თუ არა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე საუბარი, პროტოპროსვიტერმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი სამუშაო არ არის, იგი საიუბილეო თარიღს უკავშირდება და მსგავსი რამ არ იგეგმება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში უკვე გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები