გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით დღეს, 6 აგვისტოს ზუგდიდში, გამგეობის სააქტო დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა პრობლემებს მიეძღვნა.
შეხვედრას ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ადმინისტრაციულ საზრვართან მცხოვრები მოსახლეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ძირითადად სასმელი წყლის, გაზმომარაგების, გზების კეთილმოწყობისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პრობლემები აწუხებთ.
მინისტრის განცხადებით, წელს, როგორც რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ასევე სოფლის მხადაჭერის პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი პროექტები განხორციელდება. მისვე განმარტებით, მიმდინარე და მომდევნო წლებში პრიორიტეტული იქნება სასმელი წყლის პრობლემების მოგვარება, კანალიზაციის, ნაპირსამაგრი სამუშაოების, გზებისა და ხიდ-ბოგირების მშენებლობა.
შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელმა თენგიზ ჯგუშიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას, პირადად გააცნო სოფელ რიყიდან 3 კმ-ის სიგრძის წყლის მილების, თვითნებურად ამოღების, შესახებ ინფორმაცია. ჯგუშიამ მინისტრს საქმეზე დაუყონებლივი რეაგირება მოსთხოვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებემა ედიშერ თოლორაიამ მინისტრს და შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ „რიყის მოსახლეობა, საპარლამენტო არჩევნებამდე სასმელი წყლის მილების ამოღებას და სარგებლობას თვითონ ითხოვდნენ“. თოლორაიამ რიყის მოსახლეობის ეს განცხადება, რომელიც გამგეობაში ინახებოდა, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა. აღნიშნულ განცხადებას 40-მდე რიყელი აწერს ხელს.
მინისტრის განცხადებით, სოფელ რიყიდან წყლის მილების ამოღების ფაქტზე მას ინფორმაცია არ ქონდა და ამის შესახებ ის შესაბამის ორგანოებს საქმის კურსში ჩააყენებს.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სოფელ რიყიდან სასმელი წყლის მილები, დღემდე გაურკვეველი პირების მიერ, თვითნებურად იქნა ამოღებული. აღნიშნულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები