სამოქალაქო მოძრაობა „სამგერელოს ხმის“ ხელმძღვანელის და ყოფილ პარლამერნტარის თენგიზ ჯგუშიასთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჯგუშიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა. მისივე განმარტებით, ჯგუშიას საქმე სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას გადაეცა.
„აქამდე საქმე ჰქონდა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურას, მაგრამ ვინაიდან მერაბ ქვარაიას მეუღლე ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში მუშაობს, საქმე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას გადაეცა“, - აცხადებს ჯიტა გულუა.
მისივე თქმით, ჯგუშიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.
თენგიზ ჯგუშიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 7-წლმადე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ხელმძღვანელს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 8 აგვისტოს სოფელ რიყეში დაიწყო. სავარაუდოდ ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, დაპირისპირება კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ, მოწმეების თქმით, მერაბ ქვარაიას მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთხელ ისროლა, დანარჩენი სამი გასროლა კი მან უმისამართოდ განახორციელა. ყოფილი პარლამენტარის ადვოკატი აცხადებს, რომ ჯგუშიამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.
მასალის გამოყენების პირობები