ზემო სვანეთში, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში, ქარიშხლის შედეგად, ჩაჟაშის მე-10 საუკუნის მაცხოვრის ეკლესიის სახურავი მთლიანად დაზიანდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ადგილზე სპეციალისტები უკვე გაგზავნა, რომელიც ძეგლის დაზიანების მასშტაბსა და მოცულობას იკვლევს.
ფრესკების გადაუდებელი დაცვის მიზნით, სამუშაო ჯგუფმა ტაძარი დროებითი ტენტით გადახურა. იმისთვის, რომ მოახლოებულმა ზამთარმა ტაძრის ფიზიკური სიმყარე და ინტერიერში არსებული ფრესკების მდგომარეობა არ დაამძიმოს, ძეგლზე გადაუდებელი გადახურვის სამუშაოები წელსვე განხორციელდება.
ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია უძველესი არქიტექტურის გარდა, გამორჩეული და თავისებურია მე-17 საუკუნის ფრესკებით და მის ფასადზე გამოსახული ამირანდარეჯანიანის მხატვრობით.
მასალის გამოყენების პირობები