ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე ელგუჯა აკობიას, განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღეს გაფრთხილება, რომ ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო სამაშველო სამსახური სრულ მზადყოფნაში იყოს. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებულია დაბალი ზონის იმ სოფლებში, სადაც წყალდიდობის საშიშროება არსებობს.
აკობიას განმარტებით, ზუგდიდის სამაშველო სამსახურს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი 9 მანქანა ჰყავს და ერთდროულად ცხრა გამოძახებაზე შეუძლია გასვლა.
შეგახსენებთ რომ საქართველოში 4 სექტემბერს ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტს უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები