საქართველოში მოსალოდნელ ამინდის მკვეთრ გაუარესებასთან დაკავშირებით, ფოთსა და აჭარაში შესაბამის ზომებს იღებენ.
როგორც ქალაქ ფოთის მერიაში განმარტავენ , სრულ მზადყოფნაში არიან სამაშველო და სხვა სამსახურები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას დახმარებას გაუწევენ.
" სრულ მზადყოფნაშია ქალაქის სამაშველო სამსახურები და სამედიცინო დაწესებულებები. ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობა მუდმივ კავშირზეა ცენტრალურ უწყებებთან", -აცხადებს ფოთის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თამარ ჯანაშია.
საგანგებო რეჟიმში იმუშავებს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოც. სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ნაკაშიძე განმარტავს, რომ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილნი არიან. მისივე თქმით, დილიდან ზღვაში შესვლა აეკრძალება როგორც მოსახლეობას, ასევე, სასეირნო კატერებს, თევზმჭერ გემებსა და ყველა სახის მცურავ ტექნიკას.
"4-5 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა. ჩვენი სამსახური ასეთი მოვლენების დროს ყოველთვის მზადაა. მობილიზებულია ტექნიკა, მზად არიან მუნიციპალიტებები. ხულოს, ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის იახტკლუბის თანამშრომლები 24-საათიანი მორიგეობით მუშაობენ. ასევე, მორიგე ჯგუფებს ვამატებთ. დილიდან ზღვაში გასვლაზე აკრძალვა იქნება ყველა სახის ტექნიკისთვის. ასევე, წითელი ალმები აღიმართება სანაპიროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობის მსურველებს ზღვაში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, სანაპიროზე მაშველები იქნებიან მობილიზებულნი, რადგან ზოგი არ ემორჩილება წითელ ალამს", - აღნიშნა მერაბ ნაკაშიძემ.
მისი განმარტებით, მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან მსგავსი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა აღნიშნული სეზონისთვის დამახასიათებელია. მერაბ ნაკაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მეწყერული პროცესების განვითარების ან მდინარის ადიდების შემთხვევაში 112-ში დარეკონ.
მასალის გამოყენების პირობები