მოსალოდნელ ამინდის ცვლილებასთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიორგი თოთუამ რადიო "ათინათს" განუცხადა რომ ზემოაღნიშნულზე სოფლის რწმუნებულები გაფრხილებულები არიან.
ამასთან თოდუა განმარტავს რომ გამგეობის სამსახური მზადყოფნაშია და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა, საკუთარი ძალებით ჩაერთვება პრობლენის მოგვარებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის, თამაზ უბილავას განცხადებით, ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო სამაშველო სამსახური სრულ მზადყოფნაშია. მისივე თქმით, სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებულია.
ზუგდიდის სამაშველო სამსახურს სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი 9 მანქანა ჰყავს და ერთდროულად ცხრა გამოძახებაზე შეუძლია გასვლა.
ასევე მზადყოფნაშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობა. "საჭიროების შემთხვევაში გამგეობა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს". ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა აცხადებს. მისივე თქმით, სტიქიის შემთხვევში მოსახლეობის დასახმარებლად, ადგილობრივი რესურსების მობილიზაცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში ციკლონი გვიან ღამით, 20-21 საათის შემდეგ გააქტიურდება. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი იტყობინება, შავი ზღვის სანაპიროზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასები ერთი დღის განმავლობაში გავრცელდება.
"ციკლონი ბალტიისპირეთიდან შემოდის და მისი ცენტრი საქართველოზე არ გაივლის, მაგრამ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გავრცელდება ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იქნება ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც. ასევე, მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვადრნები, გააქტიურდება მეწყერსაშიში და ღვარცოფსაშიში ზონები", _ აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.
მოსალოდნელ ბუნებრივ სტიქიასთან დაკავშირებით ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გამოცხადებულია მზადყოფნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კოორდინირებულად იმუშავებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან.
ამინდი 6 სექტემბრიდან შეიცვლება და კვლავ გამოიდარებს.
მასალის გამოყენების პირობები