ქართული სცენის ლეგენდა, საქართველოს სახალხო არტისტი, ნანი ბრეგვაძე პირველად წერს სოლო ალბომს საქართველოში. მომღერალი პროექტს კომპანია "ბრავო რექორდსთან" ერთად ახორციელებს. ალბომში შევა ნანი ბრეგვაძის შესრულებული ყველა დროის საუკეთესო ქართული მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებსაც ახალი, თანამედროვე და სრულიად განსხვავებული საორკესტრო ჟღერადობა მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა მიუსადაგა. სტუდიურ ჩაწერაზე მუშაობა დასრულებულია, მიმდინარეობს CD ალბომის ბეჭდვა და საპრეზენტაციო სამზადისი. CD ალბომში სახელწოდებით, "ვიხსენებ მე", შედის 12 ქართული მუსიკალური ნაწარმოები, რომელთა ავტორებიც არიან ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, გია ყანჩელი, ვაჟა აზარაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, გიორგი ცაბაძე, დავით თორაძე, გურამ ბზვანელი და ნუგზარ ვაწაძე. ალბომის მუსიკალური კონცეფცია აგებულია ნანი ბრეგვაძის ბიოგრაფიაზე, ანუ იმ გზაზე, რაც დღემდე განვლო. ალბომის პრეზენტაცია 4 ოქტომბერს რესტორან "ფუნიკულიორში" გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები