საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა სამსახურები კოორდინირებულად და ოპერატიულად მოქმედებენ იმისათვის, რომ სტიქიის მიერ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიყენებული ზარალი დაადგინოს. სამინისტროს ოპერატიული ჯგუფები იმყოფებიან სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში
გააქტიურებულია მეწყერსაშიში ზონა. არსებობდა საშიშროება, რომ მეწყერი, ჩამოწოლის შემთხვევაში, მთლიანად მიმართულიყო სოფელზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა, ხოლო სოფელში მდგარ სახლებს მნიშვნელოვნად დააზიანებდა. ყველა ამ რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღეს გადაწყვეტილება 20 ოჯახის სასწრაფო ევაკუირების შესახებ. ამასთან, გზის მიმდებარედ განთავსდა ტეტრაპოდები და მეწყერს შეეცვალა მიმართულება, რათა არ მოხდეს მისი ჩამოწოლა უშუალოდ სოფელზე და ახლა ის მიემართება საავტომობილო გზაზე. ამის გამო აღნიშნულ გზაზე უკვე მესამე დღეა, გამუდმებით მუშაობს ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზა და არხი. ამ ეტაპზე საავტომობილო გზა გახსნილია, თუმცა, ადგილზე მობილიზებული რჩება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფები და ტექნიკა.
ასევე, ინტენსიური წვიმისა და თოვის გამო უშგულში დაზიანდა შიდა გზა, სავარგულებთან მისასვლელი, რომლის გავლითაც მოსახლეობას თივა გამოჰქონდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის.
სოფელ წვირმინდაში წყალმა წაიღო ხიდი, მაგრამ გაწმენდილია შემოვლითი საცალფეხო გზა და მოსახლეობა გადაადგილებას ახერხებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში დაიტბორა ათამდე სახლი. მცირე წყალმოვარდნები იყო სოფელ ჭალადიდში.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტიქიის ზონებში რჩებიან და იქ იქნებიან მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება. ამავდროულად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და მას, საბოლოო დადგენის შემდეგ, რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები