სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატიფო ჯგუფის წარმომადგენლებმა, მოძრაობა "თავისუფალ ზონასთან" ერთად დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის 20 წლისთვათან დაკავშირებით ენგურის ხიდზე მშვიდობიანი აქცია გამართეს.
აქციას მოგვიანებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა დამენია შეუერთდნენ.
გუნავას განცხადებით, " აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გაერთიანდეს".
როგორც ლაშა დამენიამ მედიასთან საუბარში აღნიშნა, ისინი არ აპირებენ საქართველოს არცერთი მიწის გოჯის დათმობას რუსეთისთვის.
"რუსეთთან ენის მოჩლექვით საუბარი დღეს არის ამ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნის შეურაცყხოფა", - განაცხადა ლაშა დამენიამ.
ენგურის ხიდზე მომიტინგეები ტრანსფარანტებით, "რუსეთი კლავს"! " არა ოკუპაციას"! იყვნენ მისულნი. ზემოაღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მოძრაობა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა უნივერსიტეტებში ფილმი სახელწოდებით "ჩვენ გვტკივა აფხაზეთი" უჩვენეს.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად მტრედები გაუშვეს და აფხაზეთისკენ მიმავალ გზაზე "რუსეთი კლავს" დააწერეს.
დღესვე ენგურის ხიდთან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები