აფხაზური პასპორტების უკანონო გაცემასთან დაკავშირებით გუშინ 2 ოქტომბერს, სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურაში გალის გამგებელი ბესლან არშბა, ტყვარჩელის გამგებელი თემურ გოგუა და ოჩამჩირის გამგებელი მურმან ჯოპუა დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ნონა უბილავა ავრცელებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 3 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე უბილავამ აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ ზემოთ ხსენებული პირების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნა გაჟღერდა.
„ამ ეტაპზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აუცილებლად შექმნის გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც შეისწავლიან თითოეული პასპორტის კანონიერებასა და უკანონობას“, - განაცხადა ნონა უბილავამ.
მისივე განმარტებით აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს პასპორტები გაცემულია საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მისვე თქმით, არიან დამნაშავეები და ცდილობენ ამ დოკუმენტს ამოეფარონ.
აფხაზური პასპორტი, როგორც ნონა უბილავა ამბობს, 27 ათას ქართველსა და 25 ათას აფხაზზეა გაცემული. რაც აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მკაცრ რეაქციას იწვევს, რადგან გაცემული პასპორტების რაოდენობის მიხედვით უმეტესობა ეთნიკურად ქართველია.
მასალის გამოყენების პირობები