ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას დღეს, 10 ოქტომბერს ესტონეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პატრიკ ტურკი სტუმრობდა. შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა.
როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ მედიასთან განაცხადა, საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. ელჩი ასევე დაინტერესდა თუ რა სახის ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს ესტონეთის მხრიდან.
თოდუას განმარტებით მათ ელჩს სხვადასხვა სახის ტურისტული პროექტების განხორციელება, სასტუმროების მშენებლობა და აგრალურ სექტორში ინვესტიციების ჩადება შესთავაზეს.
ამავე შეხვედრიდან გაირკვა, რომ ქალაქს უახლოეს დღეებში 10 ესტონელი ესტუმრება და წინასაარჩევნო გარემოს დააკვირდება ამასთან ერთად არჩევნების დღეს თითოეულ უბანზე, საარჩევნო პროცესს ესტონეთის ერთი წარმომადგენელი დააკვირდება.
ელჩის ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ზუგდიდის # 76 საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისში ცესკოს წარმომადგენლებთან შეხვედრა. ელჩი ხვალ, 11 ოქტომბერს ენგურის ხიდთან მოსახლეობას გაესაუბრება.
„ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი ელჩის რანგში ზუგდიდში და მე გადავწყვიტე რომ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს შევხვედროდი. ასევე ვგეგმავ ენგურის ხიდზე მოსახლეობასთან შეხვედრებს“- განაცხადა მედიასთნ საუბარში ელჩმა.
მასალის გამოყენების პირობები