საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხობში ჩატარებული სპეცოპერაცია კატეგორიულად დაგმო. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საყოველთაო ამნისტია იყო შეცდომა, რომლის შედეგებსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
„როგორც იცით, ხობში სპეცოპერაცია ჩატარდა. კრიმინალმა, რომელმაც ადრეც მოკლა ადამიანი, გასამართლებული იყო და გამოუშვეს ციხიდან, დაჭრა რამდენიმე პოლიციელი და იმსხვერპლა ძალიან კარგი ადამიანი, ახალგაზრდა პოლიციელი დათო დემურია, რომელსაც დარჩა ფეხმძიმე მეუღლე. ამას ნამდვილად არ ვამბობ ნიშნის მოგებით, მაგრამ რამდენჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გაფრთხილებები იყო ყურადსაღები? ამ ხალხის ციხიდან გამოშვება არ შეიძლებოდა - ისინი იყვნენ ძალიან საშიში დამნაშავეები. ოჯახების გაუბედურებას, ბავშვების დაობლებას არანაირი პოლიტიკა არ ამართლებს. 90-იან წლებში გავაკეთეთ სისულელე, 2012 ხელახლა გავაკეთეთ მსგავსი სისულელე და რამდენჯერ უნდა გამეორდეს იგივე საქართველოს ისტორიაში, რომ მსგავსი სისულელეები აღარ ჩავიდინოთ? საკუთარ შეხდომებზე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ ყველამ?" - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს.
ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატით და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია.
ორმხრივი სროლისას მოხდა თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია.
სროლის შედეგად დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი - დავით დემურია, ასევე, დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი.
თეიმურაზ ოკუჯავა 2013 წლის 3 აგვისტოდან ყაჩაღობის ბრალდებით იძებნებოდა. ის თანამზრახველებთან ერთად 1 ოქტომბერს ხობის რაიონის სოფელ თორსაში საკუთარი ნათესავების - ქარჩავების ოჯახს თავს დაესხა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ოჯახის უფროსი დაიღუპა. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს, ხოლო მეორე ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები