თეთნულდზე სამთო-სათხილამურო კურორტის სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს დაიწყება. დღეს კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სასაწყობე ტერიტორია დაათვალიერა.
მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის საფრანგეთიდან ტვირთი 115 კონტეინერით მიიღეს და წლის ბოლომდე კიდევ 40 კონტეინერს ელოდებიან.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტერიტორია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. აქ შესაძლებელი იქნება ყველაზე დიდი სიმაღლიდან დაშვება. ყველაზე ხანგრძლივი სეზონი მოთხილამურეებისთვის მაისის ბოლომდე გაგრძელდება. იქნება სხვადასხვა კატეგორიის სირთულის ტრასები: მოყვარული, დამწყები და პროფესიონალი მოთხილამურეებისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საბაგირო, არამედ მასთან დაკავშირებული დამხმარე ინფრაქსტრუქტურაც. "გზების დეპარტამენტის დამხმარებით, აქამდე მოსასვლელ გზასაც ვაკეთებთ. ეს არის მესტია-უშგულის გზის მონაკვეთი, ასევე, ჩატარდება ყველა ის სამუშაო, რომელიც ტურისტული გარემოს მოწესრიგებაში დაგვეხმარება", - განაცხადა მინისტრმა.
თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება, გაკეთდება 6 საბაგირო და 25 კილომეტრის სიგრძის ტრასა.
დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ღირებულება 52 მლნ დოლარს შეადგენს. მას რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტრო ფრანგულ კომპანიასთან ერთად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები