სვანეთში, სოფელ ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივები ფიცის დადებას განაგრძობენ. ისინი ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში არიან შეკრებილი და ფიცს დებენ. აქამდე ფიცი 100-ზე მეტ ადამიანს ჰქონდა დადებული, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი 200-ზე მეტს შეადგენს.
როგორც ადგილობრივი სკოლის პედაგოგი აკაკი ზუმაძე აცხადებს, ფიცს დებენ არა მარტო ხაიშის, არამედ მთელი სვანეთის მცხოვრებლები. ფიცის ტექსტი შემდეგია: "ვფიცავ, არ დავიშურებ ძალ-ღონეს და ჭკუა-გონებას, რომ ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, სოფელი და სასაფლაოები წყალქვეშ არ მოექცეს. ფიცის სინამდვილეს ვადასტურებ ხელმოწერით".
გარდა ადგილობრივებისა, ხაიშში ხუდონჰესის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც ადგილობრივებს სოლიდარობას უცხადებენ. მათ შორის არიან ლაშა ჩხარტიშვილი, ნინო ჩხობაძე, გია ხევიაშვილი, მირონ ფირცხელანი და სხვ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან ხუდონჰესის აშენებას. მათივე ინფორმაციით, იყო შეთავაზებები კომპენსაციებზე, თუმცა კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა. თუმცა, მოსახლეობის თქმით, რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, ხუდონჰესის მშენებლობას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.
წყარო: ინტერპრესნიუსი
მასალის გამოყენების პირობები