ლეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა ავთანდილ ძაგანიამ, ფინანსთა მინისტრმა ვასილ ხორავამ და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით გვაძაბიამ შეხვედრები დღეს, 7 ნოემბერს ზუგდიდის დევნილთა ჩასახლებებში გამართეს.
დღესვე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლება დაათვალიერეს. დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრისს 256 დევნილი ოჯახი მიიღებს.
"მივესალმებით, რომ მშენებლობაზე დევნილები არიან დასაქმებული. ეს უმნიშვნელოვანესი კომპლექსია, რომელიც დევნილებისთვის შენდება. მისასალმებელია, ცენტრალური ხელისუფლების ყურადღება დევნილთა მიმართ", - განაცხადა აფხაზეთის ფინანსთა მინისტრმა.
დევნილთა კორპუსების მშენებლობა ზუგდიდში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსებით ხდება.
მასალის გამოყენების პირობები