შს სამინისტროს ზუგდიდის სამმართველოსთან პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი კახა გულორდავას მშობლებმა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ახლობლები დაკავებული ეჭვმიტანილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი მოთხოვნაა, კახა გულორდავას არ მიესაჯოს წინასწარი პატიმრობა და მხოლოდ სასამართლოს მიერ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის შემდეგ იყოს მის წინააღმდეგ გამოყენებული პატიმრობა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გოგა ანჩაბაძე დღეს, 12 ნოემბერს დაჭრილი იპოვეს. ეჭვმიტანილმა მას ყური მოაჭრა, სცემა, საპატრულო პოლიციის ფორმა გახადა და ადგილზე დატოვა. შემთხვევა ზუგდიდში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი პოლიციელი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციელის დაჭრაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, პატრულის დაჭრილ თანამშრომელს ორი დღის წინ მცდელობა ჰქონდა მეჯვარის საცოლესთან სექსუალური კავშირი ზუსტად იმავე ტერიტორიაზე დაემყარებინა, სადაც დღეს ის ნაცემი დატოვეს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი აცხადებს, რომ პატრულს საკუთარ მეგობართან, მეჯვარესთან პირადი კონფლიქტი ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები