საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ადმინისტრაციამ მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე სერგო გაბელაია დღეს, 13 ნოემბერს წარადგინა.
კლუბის ახალი მწვრთნელის თქმით, „ზუგდიდი“ რთულ მდგომარეობაშია და ყველაფრის თავიდან დაწყებაა საჭირო.
„გუნდში ფაქტობრივად ყველაფერი მოშლილია. ფეხბურთელებს რწმენა აქვთ დაკარგული, ტაქტიკურად გაუმართავი გუნდია. ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა იქნება კლუბი უმაღლეს ლიგაში დარჩეს“, - განაცხადა სერგო გაბელაიამ.
მისივე თქმით, კლუბის ადმინისტრაცია ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ გუნდი მომავალ თამაშებზე უკეთ გამოიყურებოდეს და რაც შეიძლება მეტი ქულები მოიპოვონ.
კლუბის დირექტორის მალხაზ ჭეჟიას განმარტებით, ადმინისტრაციამ ყოფილი მწვრთნელის კობა წითაიშვილის განცხადება, თანამდებობიდან წასვლის შესადებ დააკმაყოფილა და საჭირო გახდა ახალი მწვრთნელის დანიშვნა.
როგორც „ზუგდიდის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, სერგო გაბელაიას მწვრთნელის პოზიციაზე 21 წლიანი გამოცდილება აქვს.
ცნობისთვის, საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ პრობლემებზე 12 ნოემბერს ზუგდიდის საკრებულოს სააქტო დარბაზში იმსჯელეს. შეხვედრას როგორც საკრებულოსა და გამგეობის, ისე ფეხბურთის ქომაგები ესწრებოდნენ. ვეტერანმა ფეხბურთელებმა და საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრებმა ს/კ „ზუგდიდის“ მოქმედი დირექტორი მალხაზ ჭეჟია გადაყენება მოითხოვეს, კლუბის მთვარ მწვრთნელად კი ისევ კობა წითაიშვილის დანიშვნას ითხოვდნენ.
შეხვედრაზე, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს და გადაჭრის კლუბში არსებულ პრობლემებს. ამასთან, ლევან კონჯარიამ „ზუგდიდის“ ყოფილ მწვრთნელს კობა წითაიშვილს დაავალა, რომ კლუბის ვარჯიში გააგრძელოს.
„ზუგდიდის“ მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა წამყვანმა ფეხბურთელმა კლუბი რამდენიმე კვირს წინ, პროტესტის ნიშნად, დატოვეს.
ს/კ „ზუგდიდი“ ჩემპიონატთა ლიგაში ბოლო, მე-12-ე ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები