საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს ეფექტური გამოძიება - ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზისთვის ცეცხლის გახსნაში დამნაშავე პირთა გამოსავლენად.საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შესაძლო რელიგიური დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ქმედება ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი სახის დანაშაულის განმეორება.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, დასჯადია.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის სოფელ ზედაეწერში იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს ცეცხლი გაუხსნეს. უცნობმა პირმა სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა. დაზიანებულია შენობის ფასადი.იეჰოვას მოწმის მამუკა წულაიას განცხადებით, მათ არ დაუნახავთ ვინ გაისროლა შენობის მისამართით. მისივე განმარტებით, საქმის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს პოლიციის ზედაეწერის განყოფილებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები