მერია ზუგდიდის სტადიონზე: ფედერაციის რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ (ვიდეო)
12:48 / 07.11.2017
ზუგდიდის მერია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების
შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას
შესაბამისი წერილით მიმართავს და სამუშაოებს მათი რეკომენდაციის
მიხედვით გააგრძელებს. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა
მამუკა ლოგუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი
სტადიონის რომელიმე პარამეტრი, მათ შორის, ბეტონის კედელი არ
შეესაბამება უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს, ფედერაციის
რეკომენდაციები მშენებლობის მეორე ეტაპისთვის ტექნიკურ დავალებაში
გადავა.
„საზოგადოებრივი დაინტერესების შემდეგ ვგეგმავთ ასეთი სახის
კომუნიკაციას. ჩვენ მივმართავთ წერილით სფფ-ს, რათა მივიღოთ
დამატებითი რეკომენდაციები, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული
უსაფრთხოების ნორმები და სტადიონის ყველა პარამეტრი იყო სტანდარტებთან
შესაბამისობაში. სტადიონი კი საბოლოოდ იმ ფორმით იქნება, რა მოლოდინიც
გვაქვს. თუკი რომელიმე ნაწილი სტანდარტების დარღვევით ან თუნდაც მცირე
ცდომილებით არის შესრულებული, იმ სტანდარტებამდე უნდა მივიყვანოთ,
რომელსაც უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს“, -
თქვა ლოგუამ.
მისივე თქმით, პროექტი მოწონებული იყო ფეხბურთის წინა ფედერაციის მიერ
და ზუგდიდის მერიას პროექტის პარამეტრების სისწორესა და
ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა.
ლოგუა ამბობს, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი, რისთვისაც 9 მილიონია
გათვალისწინებული, უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც მეორე
ეტაპისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.
ზუგდიდის ახალი სტადიონის სათამაშო მოედანზე აშენებულმა ბეტონის
კედელმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ისინი
წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის
საშიშია. მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის
მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით
მიმდინარეობს. კომპანიაში „დაგი“ კი ამბობენ, რომ ისინი სამუშაოებს
პროექტის მიხედვით ასრულებენ. „რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა
ეს სტანდარტებს, ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - განაცხადეს სამშენებლო
კომპანიაში.
თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების
განყოფილების ხელმძღვანელმა და უეფა-ს მედიაოფიცერმა მერაბ
კვარაცხელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ
ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი,
შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ
შეცდომა სამშენებლო კომპანიამ დაუშვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ
კომპანია, სავარაუდოდ, უეფას, ფიფას და სფფ-ს სტანდარტებით
მოქმედებდა. მისივე თქმით, ეს მისი, როგორც ექსპერტის შეფასებებია და
ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დასკვნები მაშინ გახდება ცნობილი, როცა
კომპანია სფფ-ს ოფიციალურად მიმართავს.
პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ის სახელმწიფო ბიუჯეტის
დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5
ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები