ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმიდან ზუსტად ერთი 1 წელი გავიდა. 21 ოქტომბერს, დღის, დაახლოებით, 14:15 წთ-ზე შეიარაღებული
და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე ფილიალში
შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონს ლარს ითხოვდა. სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად, თითქმის, 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასთან მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა აწარმოებდა. საბოლოოდ, თავდამსხმელმა გალდავასთან და სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა და პოლიციის პიკაპის ტიპის ავტომანქანით
გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.
მოგვიანებით, როგორც მძევლები ყვებიან, მამაკაცმა ისინი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში დატოვა და თავად ფულთან ერთად
გაუჩინარდა.რამდენიმე დღეში შსს-მ დანაშაულში ბრალდებული პირის
ვინაობა გაასაჯაროვა. გამოძიების ვერსიით, ის სენაკის სამხედრო ბაზის ყოფილი მოსამსახურე, სოფელ ალერტკარში (გრიგოლიში) მცხოვრები ბადრი ესებუაა.
შს სამინისტრო ესებუას ამ დრომდე
ეძებს. მომხდართან დაკავშირებით, უწყებამ არაერთი საგამოძიებო
მოქმედება ჩაატარა. პოლიციამ ბადრი ესებუას დაკავება
ვერ მოახერხა, თუმცა მისი ძმა, ბიძინა ესებუა, ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-ტარების და ძებნილი ძმის დახმარების ბრალდებით დააკავა და სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯა. დაკავებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით პოლიციამ მასზე „ძმის გამო იძია შური“.
სამინისტრომ აღნიშნულ საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები